რუსთავი
ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე ადამიანი შუა ბრინჯაონს ხანაში დასახლებულა. ამას ადასტურებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე აღმოჩენილი წითლად შეღებილი და შავად მოხატული ჭურჭელი. ამ ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დაფიქსირდა რამდენიმე მსხვილი დასახლება, აგრეთვე აქ აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მონაპოვარი ცხადყოფს, რომ რუსთავის მოსახლეობა მისდევდა მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას, მეღვინეობა-მევენახეობას, მოჰყავდათ ხორბალი, ქერი ,ბოსტნეული. განვითარებული იყო: მეთუნეობა, მელითონეობა.
განსაკუთრებით დახელოვნებულები იყვნენ მეტალურგიაში (რასაც ადასტურებს საბრძოლო იარაღების აღმოჩენა ამ ტერიტორიაზე). ასეთ განვითარებას ამ ტერიტორიაზე ლოგიკურად საქალაქო ცხოვრების ჩამოყალიბება უნდა მოჰყოლოდა.
რუსთავის ქალაქად ჩამოყალიბების დროსთან დაკავშირებით არსებობს ორი მოსაზრება:
1) ლეონტი მროველის „ქართლის ცხოვრების მიხედვით“ ქალაქი რუსთავი უკვე არსებობდა ძვ.წ. IV საუკუნიდან. ამავე მოსაზრებას მხარს უბამს ალექსანდრე მაკედონილის ქართლში ლაშქრობის ამსახველი წყაროები. სამწუხაროდ, რუსთავი არქეოლოგიურად საფუძვლიანად არ არის შესწავლილი,რის გამოც არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის დასასაბუთებლად,რომ აქ დასახლება გაჩნდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
2) არსებობს აგრეთვე მოსაზრება, რომ რუსთავი ქალაქად ჩამოყალიბდა ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში, რადგან ისტორიული წყარებით დასტურდება,რომ ალექსანდრე მაკედონელს არ ულაშქრია საქართველოში. აგრეთვე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ახალი წელთაღრიცხვის ნივთები უფრო მეტია ნაპოვნი. საბოლოო ჯამში ამ საკითხის გადასაჭრელად აუცილებელია არქეოლოგიური გათხრების ჩატარება.
რუსთავი დროთა განმავლობაში სხვადასხვა სახელს ატარებდა. IV საუკუნის შუაწლებიდან რუსთავი იწოდებოდა „ბოსტან ქალაქად“, რაც ნიშნავს უფლისწულთა ქალაქს. ეს სახელი რეალურად ასახავდა იმ ფაქტს ,რომ აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ რევიანთა უფლისწულები. IV საუკუნის ბოლოს, სამეფო კარის წარმომადგენელს გაჰყავს რუ (არხი). შესაბამისად, არხის სათავეში არსებულმა პუნქტმა „ბოსტან-ქალაქმა“ მიიღო მეორე სახელიც „რუსთავი“.
თანამედროვე საქართველოს რუკაზე რუსთავი, როგორც ქალაქი, 1948 წლიდან არსებობს. მისი წარმოშობა დაკავშირებულია საქართველოში მძიმე ინდუსტრიის მშენებლობასთან.
XX საუკუნის რუსთავის ცხოვრება ქარხნების შენების ისტორიაა. იგი იწყება 1931 წლიდან, როდესაც გადაწყდა ამიერკავკასიის მსხვილი მეტალურგიული ქარხნის აგება. 1940 წელს მიიღეს ადგილობრივი ნედლეულისა და სათბობის ბაზაზე თბილისის რაიონში ამიერკავკასიის მეტალურგიული ქარხნის აგების გადაწყვეტილება. 1944 წელს, საბჭოს გადაწყვეტილებით მშენებლობა გადაიტანეს რუსთავის ველზე, რადგან დიდი მასშტაბის მქონე ქარხნისთვის საკმარისი ადგილი მხოლოდ აქ მოიძებნებოდა.
1948 წელს რუსთავი გამოცხადდა რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად. აქ გამოადნეს პირველი ფოლადი, ამიაკი, თუჯი, კოქსი. ასევე რუსთავში აშენდა ბარაკის ტიპის სკოლა. რუსთავში არსებული პირველი ქართულენოვანი სკოლა იყო ახლანდელი მეორე სკოლა.